ცხელი ხაზი: 292 00 55
ოთარ ჩახუნაშვილი
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი
2026 წლის 1 მაისიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ოთარ ჩახუნაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. ასევე სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2019 წელს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის საჯარო ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტში (შპაიერი, გერმანია).
საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრი 2014 წლიდან.
მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022 წლიდან 2026 წლის 1 მაისამდე იკავებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2021-2022 წლებში იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს.
2019-2020 წლებში ოთარ ჩახუნაშვილი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო იმავე წელს ასევე ხელმძღვანელობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაბამის დეპარტამენტს. 2015-2019 წლებში ეკავა ამავე უწყების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფის უფროსად, ხოლო 2010-2014 წლებში — იურისტად. პროფესიული კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, იყო საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ სტაჟიორი.
ოთარ ჩახუნაშვილი პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას და 2015 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას.